Skip to main content

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი
პროფესიული განვითარების ინსტიტუტი
სარეზიდენტო პროგრამა:სასამართლო მედიცინა
პროგრამის დირექტორი: ბესარიონ კილასონია
რეზიდენტი: დიმიტრი კოჩაძე
                                          
                                    

                              

თემა  : დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობა პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას.

                         
                                  2018 წელი  

პატიმრები, მათი დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, ინარჩუნებენ ყველა ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც მათ, როგორც ადამიანებს, გააჩნიათ, მათ შორის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი ხელმისაწვდომი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას. სპეციალიზებული საერთაშორისო დოკუმენტები უფრო დაზუსტებით განსაზღვრავს, თუ რას გულისხმობს ეს, კერძოდ, როგორი სტანდარტის ჯანდაცვა უნდა უზრუნველყოს ციხის ადმინისტრაციამ.
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 4:
პატიმრების თავისუფლების შეზღუდვის და საზოგადოების დანაშაულისგან დაცვის ფუნქცია ციხეებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფოს სხვა სოციალურ მიზნებთან და საზოგადოების ყველა წევრის კეთილდღეობისა და განვითარების ხელშეწყობის ფუნდამენტურ ფუნქციებთან შესაბამისობაში.
პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპები, პრინციპი 9:
პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის მომსახურებაზე, მათი სამართლებრივი სტატუსის საფუძველზე, დისკრიმინაციის გარეშე.
პრინციპების კრებული ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ, პრინციპი 24:
დაკავების ან პატიმრობის ადგილას მიყვანისთანავე, დაყოვნების გარეშე, დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს უნდა შესთავაზონ სათანადო სამედიცინო შემოწმება, აგრეთვე, ამის შემდგომ იგი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო მზრუნველობითა და მკურნალობით საჭიროების მიხედვით. ეს მზრუნველობა და მკურნალობა უნდა გაეწიოს უფასოდ.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 22:
(1) თითოეულ დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ ცოტა ერთი კვალიფიციური ექიმის მომსახურება, რომელიც უნდა ფლობდეს გარკვეულ ცოდნას ფსიქიატრიაში. სამედიცინო მომსახურების ორგანიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი ან საერთოსახელმწიფოებრივი ჯანდაცვის ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობით. ეს მომსახურება უნდა შეიცავდეს ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკას და, შესაბამის შემთხვევებში, ფსიქიკური აშლილობის მკურნალობას.
(2) ავადმყოფი პატიმრები, რომელთაც სპეციალიზებული მკურნალობა ესაჭიროებათ, უნდა გადაიყვანონ სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან სამოქალაქო საავადმყოფოში. თუ დაწესებულებაში არის საავადმყოფო, მაშინ იქ არსებული აღჭურვილობა, დანადგარები და ფარმაცევტული საშუალებები საკმარისი უნდა იყოს ავადმყოფი პატიმრების სამედიცინო ზრუნვისა და მკურნალობისთვის, ხოლო მისი კადრები დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადოდ ნასწავლი თანამშრომლებით.
(3) თითოეულ პატიმარს ხელი უნდა მიუწვდებოდეს კვალიფიციური სტომატოლოგის მომსახურებაზე.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 25:
(1) ექიმი უნდა ზრუნავდეს პატიმრების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ყოველდღიურად ნახულობდეს ყველა ავადმყოფ პატიმარს: პატიმრებს, რომლებიც უჩივიან ავადმყოფობას და პატიმრებს, რომელთა თაობაზეც მისი ყურადღება განსაკუთრებით მიაპყრეს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 62:
დაწესებულების სამედიცინო სამსახური უნდა ცდილობდეს, აღმოაჩინოს და განკურნოს ფიზიკური ან ფსიქიკური ავადმყოფობები ან ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის პატიმრის რეაბილიტაციას. ამისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა საჭირო სამედიცინო, ქირურგიული და ფსიქიატრიული მომსახურება.
გაეროს სამედიცინო ეთიკის პრინციპები, რომლებიც ეხება ჯანდაცვის პერსონალის, განსაკუთრებით ექიმების, როლს პატიმრებისა და დაკავებულების დაცვაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისგან, წესი 1:
1. ჯანდაცვის პერსონალი, განსაკუთრებით ექიმები, რომელთაც პატიმრებსა და დაკავებულ პირებზე ზრუნვა ევალებათ, მოვალენი არიან, უზრუნველყონ ისინი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვით და ავადმყოფობის მკურნალობით, იმავე ხარისხითა და სტანდარტებით, რაც გათვალისწინებულია მათთვის, ვინც არ არის დაპატიმრებული ან დაკავებული.
ზრუნვის თანაბარი პირობებით უზრუნველყოფა
როდესაც ეს შესაძლებელია, პატიმრებს სრულად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ფართო საზოგადოებისთვის არსებულ სამედიცინო საშუალებებზე. უმრავლესობა სახელმწიფოებში ეს ხელმისაწვდომობა შემოიფარგლება მხოლოდ სპეციალიზებული მკურნალობით, ხოლო საერთო სამედიცინო მზრუნველობის გაწევა ხდება უშუალოდ ციხეში ან სპეციალურ ციხის სამედიცინო დაწესებულებებში. ციხის ადმინისტრაციის მიერ უზრუნველყოფილი სამედიცინო მკურნალობა ან ექთანის მომსახურება უნდა იყოს სულ ცოტა იმავე დონის, რაც ხელმისაწვდომია ციხის გარეთ მყოფი საზოგადოებისთვის.
საერთო სამედიცინო მომსახურება,თითოეულ ციხეში ციხის ადმინისტრაციამ, როგორც მინიმუმ, უნდა უზრუნველყოს:
ციხეში მიღებისას თავდაპირველი სამედიცინო შემოწმება;
რეგულარული ამბულატორიული კონსულტაციები;
გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა;
პატიმრების კონსულტირებისა და მკურნალობისათვის შესაფერისად აღჭურვილი შენობა;
კვალიფიციური ფარმაცევტების მიერ გამოშვებული შესაბამისი მედიკამენტების ადეკვატური მარაგი;
ფიზიოთერაპიისა და მკურნალობის შემდგომი სარეაბილიტაციო საშუალებები;
სპეციალური საკვები, თუ ამას მოითხოვს სამედიცინო საჭიროება.
ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს გადაუდებელ შემთხვევებში საერთო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს და დაყოვნების გარეშე (სტანდარტული მინიმალური წესი 52).
კავშირები ჯანდაცვის საზოგადოებრივ სამსახურებთან
სამედიცინო ზრუნვის ყველა ასპექტთან დაკავშირებით, პენიტენციალური დაწესებულების ადმინისტრაცია უნდა ეცადოს, დაამყაროს და შეინარჩუნოს მჭიდრო ურთიერთობა ციხის გარე ჯანდაცვის სამსახურებთან. ეს არა მხოლოდ მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობას შექმნის, არამედ საშუალებას მისცემს პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს, ისარგებლონ მკურნალობის საშუალებების, პროფესიული სტანდარტებისა და სწავლების თანამედროვე მიღწევებით.
სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს უფასოდ
ციხეში ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ ყველა აუცილებელი სამედიცინო ზრუნვა და მკურნალობა უზრუნველყოფილი იყოს უფასოდ (გაეროს პრინციპების კრებული, პრინციპი 24). ეს საკითხი სპეციალური ყურადღების გამახვილებას მოითხოვს იმ სახელმწიფოებთან მიმართებით, სადაც უფასო სამედიცინო მზრუნველობა სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდულად მიეწოდება. განსაკუთრებით პრობლემატური შეიძლება იყოს მდგომარეობა მაშინ, როდესაც იზრდება გრძელვადიანი პატიმრების რიცხვი და მათ, რთული ან განუკურნებელი ავადმყოფობის გამო, ძვირი მკურნალობა ესაჭიროებათ. ციხის ადმინისტრაციამ საკითხი შესაფერისად უნდა მოაგვაროს ისე, რომ გათვალისწინებული იქნეს პატიმრების საჭიროებები და საჭირო მკურნალობა არ შეიზღუდოს სიძვირის საფუძვლით მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტი პატიმარია.
თავდაპირველი შემოწმება
ციხეში პირველად მისვლისას სამედიცინო შემოწმების შესახებ საუბარი იყო ამ სახელმძღვანელოს მე-3 თავში. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შესთავაზონ პატიმრებს სამედიცინო შემოწმება ციხეში პირველად მიყვანისას:
ეს საშუალებას აძლევს სამედიცინო პერსონალს, გამოარკვიონ მანამდე უკვე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა;
ეს იძლევა საშუალებას, სათანადო დახმარება გაეწიოს მათ, ვინც განიცდის ნარკოტიკებზე უარის თქმის შედეგებს;
ეს საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს სხეულის დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა მიყენებული იყო თავდაპირველად დაკავებისას;
ეს საშუალებას აძლევს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლებს, შეაფასონ პატიმრის ფსიქიკური მდგომარეობა და სათანადოდ დაეხმარონ მათ, ვინც შეიძლება მიდრეკილი იყოს თვითდაზიანების მიყენებისაკენ.
ყოველთვის შესაძლებელი არ იქნება, რომ ექიმმა ჩაატაროს ყველა პატიმრის სამედიცინო შემოწმება მათი ციხეში მიყვანისთანავე. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ
პატიმარი დაათვალიეროს სულ ცოტა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექთანმა, რომელიც საჭირო საკითხების შესახებ მოახსენებს ექიმს.
ციხეში მიღების პროცედურით, პატიმრებმა გასაგებად უნდა მიიღონ ინფორმაცია ციხეში არსებული ჯანდაცვის საშუალებების და სამედიცინო კონსულტაციის მიღების მეთოდების შესახებ.
სპეციალიზებული საშუალებები
საერთო სამედიცინო, სტომატოლოგიური და ფსიქიატრიული მკურნალობის აღნიშნულ საშუალებებთან ერთად, ციხის ადმინისტრაციამ აგრეთვე უნდა უზრუნველყოს სპეციალისტის კონსულტაციის და ჰოსპიტალური მკურნალობის შესაძლებლობები. ეს მოითხოვს მჭიდრო კავშირს ციხის ადმინისტრაციასა და სამოქალაქო საზოგადოების სამედიცინო სამსახურებს შორის, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ციხის ჯანდაცვის სამსახურს თვითონ შეეძლოს ყველა სახის სპეციალისტის მომსახურების გაწევა.
სპეციალიზებული მკურნალობის დაგეგმვისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით, ქალებისა და მოხუცი პატიმრების საჭიროებებს.
სპეციალიზებულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა ხშირად მოითხოვს პატიმრის გადაყვანას სხვა ადგილას. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ პატიმრის ესკორტირება იყოს შესაფერისი და არ იწვევდეს მკურნალობის დაყოვნებას ან პატიმრის დამატებით ნერვიულობას. პატიმრის ტრანსპორტირების პირობები უნდა შეესაბამებოდეს მის სამედიცინო მდგომარეობას.
როდესაც პატიმრებს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ
დროდადრო პატიმრებს წარმოეშობათ ისეთი სამედიცინო პრობლემები, რომლებიც ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებს. ამ მომსახურების გაწევის რამდენიმე გზა არსებობს. ბევრი ციხის ადმინისტრაციას შექმნილი აქვს ციხის საავადმყოფოები, სადაც მკურნალობენ ნაკლებად მწვავე ისეთ პრობლემებს, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. სხვაგან უსაფრთხოების საკითხი მოგვარებული აქვთ იმით, რომ სამოქალაქო საავადმყოფოებში შექმნილია ციხის განყოფილებები. თუმცა, ხშირად პატიმრებს შეიძლება ჰოსპიტალიზაციურ მკურნალობას უწევდნენ სამოქალაქო საავადმყოფოს ჩვეულებრივ პირობებში. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მშობიარე ქალებთან და განუკურნებელი სენით შეპყრობილ პატიმრებთან მიმართებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს უსაფრთხოების შესაფერისი ზომები. წამების თავიდან აცილების კომიტეტმა თავის მესამე ზოგად ანგარიშში აღნიშნა, რომ: „...საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანილი პატიმრები არ უნდა იყვნენ საწოლზე ან სხვა ავეჯზე ფიზიკურად მიჯაჭვული უსაფრთხოების მიზეზთა გამო“.3
ჯანსაღი გარემო
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 10:
პატიმრებისთვის განკუთვნილი ყველა ადგილსამყოფელი და, განსაკუთრებით საძინებელი ადგილი, უნდა პასუხობდეს ჯანმრთელობის ყველა მოთხოვნას და სათანადოდ ითვალისწინებდეს კლიმატურ პირობებს, აგრეთვე, განსაკუთრებით, ჰაერის მოცულობას, მინიმალურ ფართს, განათებას, გათბობას და ვენტილაციას.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 12:
სანიტარული აღჭურვილობა ადეკვატური უნდა იყოს იმისათვის, რომ თითოეულ პატიმარს შეეძლოს საჭიროებისამებრ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სუფთად და ღირსების დაცვით.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 13:
მოწყობილი უნდა იყოს ადეკვატური სააბაზანო და საშხაპე საშუალებები იმისათვის, რომ თითოეულ პატიმარს შეეძლოს და მოეთხოვოს აბაზანის ან შხაპის მიღება, კლიმატის შესაბამის ტემპერატურაზე, იმდენჯერ, რამდენჯერაც აუცილებელია საერთო ჰიგიენისთვის სეზონისა და გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით, მაგრამ სულ ცოტა კვირაში ერთხელ, კლიმატის შესაბამისი ტემპერატურით.
სტანდარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ, წესი 26:
(1) ექიმი რეგულარულად უნდა ამოწმებდეს და რეკომენდაციას აძლევდეს დირექტორს შემდეგ საკითხებზე:
(a) საკვების რაოდენობა, ხარისხი, მომზადების და მირთმევის პირობები;
(b) დაწესებულებებისა და პატიმრების ჰიგიენა და სისუფთავე;
(c) დაწესებულების სანიტარია, გათბობა, განათება და ვენტილაცია;
(d) პატიმართა ტანსაცმლისა და თეთრეულის შესაფერისობა და სისუფთავე;
(e) ფიზიკურ აღზრდასა და სპორტთან დაკავშირებული წესების შესრულება - თუ ამ საკითხებისთვის არ არის გამოყოფილი ცალკე ტექნიკური პერსონალი.
ციხის გარემოს გავლენა
სახელმწიფოს ეკისრება აბსოლუტური ვალდებულება, დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოს იმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებზეც ის პასუხისმგებლობას იღებს მათთვის თავისუფლების ჩამორთმევით. პირობებს, რომლებშიც პატიმრები იმყოფებიან, არსებითი გავლენა აქვს მათ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე. ამიტომ, ამ პასუხისმგებლობისათვის თავის გართმევის მიზნით, ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სტანდარტები ყველა იმ სფეროში, რომელიც გავლენას ახდენს პატიმრების ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე. ადგილსამყოფლის ფიზიკური პირობები, საკვები და ჰიგიენისა და სანიტარიის პირობები - ყველაფერი ეს ისე უნდა იყოს მოგვარებული, რომ დაეხმაროს მათ, ვინც ვერ გრძნობს თავს ჯანმრთელად, ასევე, მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელი ადამიანებისთვის ინფექციის გადადების საფრთხე.
ბევრი სახელმწიფო დგას ისეთი მძიმე პრობლემის წინაშე, როგორიცაა გადავსებული ციხეები; ამავე დროს, რესურსების მწვავე უკმარისობა ხელშემშლელი ბარიერია ციხეში ჯანსაღი პირობების მისაღწევად. თითოეული პატიმრისთვის გამოყოფილი ფართი და ხელმისაწვდომობა ბუნებრივ სინათლესა და სუფთა ჰაერზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფექციური დაავადებების გავრცელებასა და პატიმრების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. წამების თავიდან აცილების ევროპის კომიტეტმა თავის ანგარიშში, მოლდოვაში 2001 წელს ვიზიტის შესახებ, აღნიშნა, რომ ბუნებრივი სინათლე და სუფთა ჰაერი პატიმართა ფუნდამენტური უფლებებია; კომიტეტი მიესალმა იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ციხეში, რომელიც მან მოინახულა, ფანჯრებიდან მოხსნეს ჟალუზები.4
გადამდები დაავადებები
გადამდები დაავადებები ბევრი ციხის ადმინისტრაციისთვის ძირითად პრობლემად იქცა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ზოგ ქვეყანაში ტუბერკულოზის შემთხვევამ ეპიდემიის მაჩვენებლებს მიაღწია, სწრაფად ვრცელდება იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსიც. აფრიკის ზოგ ნაწილში იმუნოდეფიციტის ვირუსით/შიდსით ბევრი პატიმარია დაავადებული. ზოგიერთი ციხის ადმინისტრაციამ ამ პრობლემებთან ბრძოლა თავდაპირველი შემოწმებითა და მკურნალობის პროგრამებით დაიწყო, რომლებიც ხშირად საერთაშორისო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად 1998 წელს დაიწყო ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამის განხორციელება საქართველოს ციხეებში. ამ პროგრამის ფარგლებში:
შემოღებულ იქნა პატიმრების შემოწმება;
გარემონტდა ტუბერკულოზით დაავადებულთა ციხე-კოლონია უსაფრთხო სამუშაო გარემოს და პატიმრებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით;
მოხდა ექიმების და ექთანების გადამზადება;
შემოღებულ იქნა პროგრამა DOTS-ით მკურნალობა.
პროგრამის მეშვეობით მიღწეულ იქნა განკურნების მაღალი მაჩვენებელი იმ პირთა შორის, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობის კურსი.“5
ციხის თანამშრომლების ინფორმირება დაავადებათა გადაცემის საკითხებთან დაკავშირებით
სახელმწიფოებში, სადაც გადამდები დაავადებების მაღალი მაჩვენებელია, ციხის ადმინისტრაციებმა უნდა შეიმუშაონ ციხის თანამშრომლების სწავლების პროგრამა გადამდები დაავადებების საკითხებსა და იმ დამცავ მეთოდებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მათ მიერ სამუშაოს ნორმალურად შესასრულებლად. ზოგ ქვეყანაში თანამშრომლებს რეგულარულად სთავაზობენ ჰეპატიტის საწინააღმდეგო უფასო აცრას.
ფსიქიკური აშლილობა
პატიმრობის პირობები სერიოზულ გავლენას ახდენს პატიმართა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ციხის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს ზომები, რათა შეამციროს ამ გავლენის მასშტაბები და შემოიღოს პროცედურები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ინდივიდუალურ პატიმრებზე აღნიშნული გავლენის შედეგების მონიტორინგს. მიღებულ უნდა იქნეს ზომები იმ პატიმრების გამოსავლენად, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანების ან თვითმკვლელობისაკენ. თანამშრომლები სათანადოდ უნდა იყვნენ გაწვრთნილი იმისათვის, რომ ამოიცნონ თვითდაზიანების პოტენციური შესაძლებლობის ინდიკატორები. თუ პატიმრებს დაუსვამენ ფიზიკური ავადმყოფობის დიაგნოზს, ისინი არ უნდა ამყოფონ ციხეში, არამედ უნდა გადაიყვანონ შესაფერისად აღჭურვილ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
ციხის საერთო პირობების მონიტორინგი
საერთაშორისო დოკუმენტები სპეციალურ ვალდებულებას აკისრებს ციხის სამედიცინო პერსონალს, თავიანთი პროფესიული ცოდნის გამოყენებით, ჩაატარონ ინსპექტირება და დააფიქსირონ ყველა ის პირობა, რომელიც გავლენას ახდენს პატიმრების ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე. ჯანდაცვის პერსონალს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის იმ შეგნების დამკვიდრებაში, რომ ჯანდაცვა გულისხმობს არა უბრალოდ მკურნალობას, არამედ ჯანსაღი გარემოს შექმნის ყველა ასპექტს და რომ ამის მიღწევა ციხეში ყველას ურთიერთთანამშრომლობას მოითხოვს. ეს განსაკუთრებით პრობლემატურია ხოლმე რესურსების სიმწირის პირობებში.
ინდივიდუალური მკურნალობა
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
თითოეულ პატიმარს აქვს შესაფერისი დონის სამედიცინო კონსულტაციაზე რეგულარული, კონფიდენციალური ხელმისაწვდომობის უფლება; ამ კონსულტაციის დონე არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რაც ხელმისაწვდომია სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ნებისმიერი სამედიცინო გადაწყვეტილება და მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური პატიმრის და არა ადმინისტრაციის საჭიროებებს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 25:
(1) ექიმი უნდა ზრუნავდეს პატიმრების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ყოველდღიურად ნახულობდეს ყველა ავადმყოფ პატიმარს: პატიმრებს, რომლებიც უჩივიან ავადმყოფობას და პატიმრებს, რომელთა თაობაზეც მისი ყურადღება განსაკუთრებით მიაპყრეს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 62:
დაწესებულების სამედიცინო სამსახური უნდა ცდილობდეს, აღმოაჩინოს და განკურნოს ფიზიკური ან ფსიქიკური ავადმყოფობები ან ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის პატიმრის რეაბილიტაციას. ამისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა საჭირო სამედიცინო, ქირურგიული და ფსიქიატრიული მომსახურება.
სამედიცინო კონსულტაციაზე ხელმისაწვდომობა
ციხის ადმინისტრაციამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ პატიმრებს, რომლებიც ავად არიან ან უჩივიან ჯანმრთელობას, ყოველდღიურად მიუწვდებოდეთ ხელი შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის მომსახურებაზე. პირობები, რომლებშიც ასეთი კონსულტაციები უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს ისეთი, რომ დაცული იყოს პატიმრის ღირსება და იძლეოდეს კონფიდენციალურობის შენარჩუნების საშუალებას. თუ გასათვალისწინებელია უსაფრთხოების მოსაზრებები, მაშინ ექიმთან კონსულტაცია უნდა ჩატარდეს ისე, რომ ციხის გუშაგები ვიზუალურად ხედავდნენ, მაგრამ ვერ ისმენდნენ საუბარს.
პირადი საიდუმლოების დაცვა
პირობები, რომლებშიც პატიმრებს ესაუბრებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თანაბარი უნდა იყოს იმ პირობებისა, რომლებიც სამოქალაქო სამედიცინო პრაქტიკითაა გათვალისწინებული. შეძლებისდაგვარად, ასეთი გასაუბრება უნდა ხდებოდეს შესაფერისად აღჭურვილ საკონსულტაციო ოთახში. დაუშვებელია კონსულტაცია მოხდეს ერთდროულად პატიმრების ჯგუფთან ან სხვა პატიმრების ან არასამედიცინო პერსონალის თანდასწრებით.
კონფიდენციალურობა
კონფიდენციალურობის უფლება ასევე მოითხოვს, რომ პატიმრები არ დაავალდებულონ, ექიმის მოთხოვნით, მათ მიმართონ ციხის სხვა თანამშრომლებს. ნებისმიერ გარემოებაში დაუშვებელია, მათ მოეთხოვოთ იმის გამჟღავნება, თუ რატომ ითხოვენ ექიმის კონსულტაციას. სამედიცინო კონსულტაციის მიღების პროცედურების შესახებ პატიმრებს გასაგებად უნდა ეცნობოთ ციხეში მიღებისას.
სამედიცინო დავთრები
ინდივიდუალური პატიმრების შესახებ სამედიცინო ჩანაწერები უნდა იყოს ექიმის განკარგულებაში და არ უნდა იქნეს გამჟღავნებული პატიმრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ზოგ ქვეყანაში ციხის ჯანდაცვის სამსახურები უწყებრივად სამოქალაქო ჯანდაცვის სამსახურებს ექვემდებარებიან. იმ დადებით მხარეებთან ერთად, რომლებიც განხილულია ზემოთ, ნაწილშიჯანმრთელობის უფლება”, ამგვარი უწყებრივი მოწყობა ხელს შეუწყობს იმის მკაფიოდ განსაზღვრას, რომ სამედიცინო ჩანაწერები არ წარმოადგენენ ციხის სხვა დავთრების ნაწილს.
მკურნალობა
კონსულტაციისა და დიაგნოზირების შედეგად დანიშნული მკურნალობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მოცემული პატიმრის ინტერესებშია. გადაწყვეტილებები არ უნდა დაეფუძნოს ხარჯების ოდენობას ან ციხის ადმინისტრაციისთვის სასურველობას.
მკურნალობა მსჯავრდებამდე და მსჯავრდების შემდგომ
ჯანდაცვის იმ პრობლემების მართვასთან ერთად, რომლებიც ციხეში იჩენს თავს, ექიმები ასევე პასუხისმგებელი არიან ისეთი მექანიზმის დანერგვაზე, რომელიც შექმნის მანამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოვლენისა და მასზე რეაგირების შესაძლებლობას. ისევ და ისევ, ეს მოითხოვს შესაფერის კავშირებს გარე ჯანდაცვის ორგანოებთან.
განუკურნებელი სენით შეპყრობილი პატიმრები
ზოგ ქვეყანაში დასაშვებია იმ პატიმრების ვადამდე გათავისუფლება, რომლებიც განუკურნებელი სენით არიან შეპყრობილი. ციხის მედპერსონალის მიერ გაკეთებული ან შეთავაზებული რეკომენდაცია უნდა ეფუძნებოდეს პროფესიულ გადაწყვეტილება და შეესაბამებოდეს პატიმრის საუკეთესო ინტერესებს. ასეთი პატიმრების ვადამდელ გათავისუფლებასთან დაკავშირებული საფრთხეები ციხის ადმინისტრაციის გასათვალისწინებელი და შესაფასებელია.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელო წესები ციხეებში იმუნოდეფიციტის სინდრომთან და შიდსთან დაკავშირებით, ჟენევა, 1993 წლის მარტი
51. თუ ეს შესაძლებელია, უსაფრთხოების ინტერესების და სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით, განვითარებული შიდსის ვირუსით დაავადებული პატიმრები, თანაგრძნობის მოტივით, რაც შეიძლება ადრე, ვადამდე უნდა იქნენ გათავისუფლებული, რათა ხელი შეეწყოს მათ ოჯახებთან და ახლობლებთან დაკავშირებას და მიეცეთ მათ სიკვდილთან ღირსეულად და თავისუფლებაში შეხვედრის შესაძლებლობა.
ჯანდაცვის პერსონალი
საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტები
თითოეულ ციხეს უნდა გააჩნდეს საკმარისი რაოდენობით შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე ჯანდაცვის პერსონალი, რომელიც დააკმაყოფილებს ციხის მოსახლეობის საჭიროებებს.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 22:
(1) თითოეულ დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ ცოტა ერთი კვალიფიციური ექიმის მომსახურება, რომელიც უნდა ფლობდეს გარკვეულ ცოდნას ფსიქიატრიაში. სამედიცინო მომსახურების ორგანიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი ან საერთო-სახელმწიფოებრივი ჯანდაცვის ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობით. ეს მომსახურება უნდა შეიცავდეს ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკას და, შესაბამის შემთხვევებში, ფსიქიკური აშლილობის მკურნალობას.
(3) თითოეულ პატიმარს ხელი უნდა მიუწვდებოდეს კვალიფიციური სტომატოლოგის მომსახურებაზე.
პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები, წესი 49:
(1) რამდენადაც ეს შესაძლებელია, პერსონალი უნდა მოიცავდეს საკმარისი რაოდენობით ისეთ სპეციალისტს, როგორიცაა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, მასწავლებელი და ხელობის მასწავლებელი.
პატიმრები, როგორც პაციენტები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამედიცინო ეთიკის პრინციპები ყველა ჯანდაცვის პერსონალს და განსაკუთრებით ექიმს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყონ პატიმრები ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვით და ავადმყოფობის მკურნალობით. ამიტომ, მათი უპირველესი პრიორიტეტია პაციენტების ჯანმრთელობა და არა ციხის ადმინისტრაცია. ათენის ფიცი, რომლის ამონარიდიც ზემოთაა მოცემული, კიდევ უფრო გასაგებს ხდის, რომ სამედიცინო გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს პაციენტების საჭიროებებს და უნდა სარგებლობდეს უპირატესობით სხვა ნებისმიერ არასამედიცინო საკითხებთან შედარებით.
ციხეში მომუშავე სამედიცინო პერსონალი არ არის ციხის დისციპლინური ან ადმინისტრაციული თანამშრომლების ნაწილი. ზოგ სახელმწიფოში, სადაც სამედიცინო პერსონალი უშუალოდ ციხის ადმინისტრაციის მიერაა დაქირავებული, ისინი არიან მოცემული ციხისგან დამოუკიდებელი ცალკე მმართველი სტრუქტურის დაქვემდებარებაში.
არსებობს რიგი საკითხები, როდესაც სამედიცინო პერსონალმა ზღვარი უნდა გაავლოს ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნებსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროფესიულ ეთიკას შორის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითი და ასეთ შემთხვევებში შესაფერისი რეაგირების ნიმუშები.
ჯანდაცვის პერსონალის დახმარება
ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ციხეში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდეს სათანადო დახმარება და ჩაუტარდეს გადამზადება როგორც ციხის მედიცინის სპეციფიკური მოთხოვნების, ისე უფრო ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. კვალიფიციური მედპერსონალი, რომელიც მზადაა, იმუშაოს ციხეში, ხშირად ნაკლებად მოიპოვება. ციხის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მათი ცოდნა-გამოცდილება არ მიიმართოს მათთვის შეუსაბამო სამუშაოების შესრულებისკენ. ამ მიზნით ისინი უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დამხმარე და საკანცელარიო დახმარებით.
1998 წელს ექთანთა საერთაშორისო საბჭომ შეიმუშავა განცხადება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ადგენს, რომ ექთანთა შიდასახელმწიფოებრივმა ასოციაციებმა ციხის ექთნებს უნდა გაუწიონ კონფიდენციალური რჩევა, კონსულტაცია და დახმარება [ექთანების როლი პატიმრებსა და დაკავებულებზე ზრუნვაში, ექთანთა საერთაშორისო საბჭო, 1998].
წამების დოკუმენტირება
1999 წელს პროფესიულმა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა პირებმა შეიმუშავებს პრინციპების კრებული წამების ან არასათანადო მოპყრობის ეფექტური დოკუმენტირების შესახებ, რომელიც ცნობილია, როგორც სტამბულის ოქმი [წამების და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ეფექტური დოკუმენტირების პრინციპები (სტამბულის ოქმი), 1999.].
პირადი გასინჯვა
1993 წელს მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამ მიიღო განცხადება პატიმართა პირად გასინჯვასთან დაკავშირებით, რომელშიც, სხვა საკითხთა შორის, ნათქვამია, რომ ექიმის მიერ პატიმრისთვის სამედიცინო მზრუნველობის გაწევის ვალდებულება არ უნდა იქნეს დაკნინებული ციხის უსაფრთხოების სისტემაში მონაწილეობის ვალდებულებით. თუ ასეთი გასინჯვის ჩატარება საჭიროა, იგი უნდა ჩატარდეს არა იმ ექიმის მიერ, რომელიც პატიმარს სამედიცინო მზრუნველობას უწევს [განცხადება პატიმართა პირადი გასინჯვის შესახებ, მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია, 1993.].
გაფიცვა შიმშილობით
1991 და 1992 წლებში მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამ მიიღო სახელმძღვანელო წესები გაფიცულ მოშიმშილეებზე მზრუნველი ექიმებისათვის, რომლებშიც, სხვა საკითხთა შორის, ხაზგასმით აღნიშნულია ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობაში თანხმობის და კონფიდენციალურობის მნიშვნელობა, აგრეთვე ის, რომ გადაწყვეტილება სამედიცინო ჩარევის ან ჩაურევლობის შესახებ უნდა მიიღოს უშუალოდ ექიმმა ისე, რომ ამაში არ ჩაერიონ მესამე მხარეები, რომელთა მთავარ ინტერესს პაციენტის კეთილდღეობა არ წარმოადგენს [მალტის დეკლარაცია გაფიცულ მოშიმშილეებზე, მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია, 1991., 1992.].
სიკვდილით დასჯაში მონაწილეობა
1981 წელს და შემდგომ კიდევ 2000 წელს მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამ დაადგინა, რომ ექიმებისთვის არაეთიკურია სიკვდილით დასჯასა ან მისი აღსრულების პროცესის ნებისმიერ ეტაპში მონაწილეობა ნებისმიერი სახით [დადგენილება სიკვდილით დასჯაში ექიმების მონაწილეობის შესახებ, მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია, 1981. 2000].
ყველა თანამშრომლის გადამზადება
ციხის საზოგადოების ბუნება ისეთია, რომ სამედიცინო მომსახურებათა მთელი სპექტრის უზრუნველყოფის ვალდებულებასთან ერთად, ციხის ადმინისტრაციამ უნდა გააცნობიეროს, რომ ციხის ყველა თანამშრომელს უნდა ესმოდეს ჯანდაცვის ელემენტარული საკითხები. ძალზე ხშირად, ციხეში ინციდენტის მოხდენისას, როდესაც ვინმეს ესაჭიროება დაუყოვნებელი პირველი სამედიცინო დახმარება, შემთხვევის ადგილზე პირველად მისული არ არის ჯანდაცვის პერსონალი, მაგრამ მათ მოეთხოვებათ გადაუდებელი დახმარების გაწევა. ამიტომ საჭიროა მათი სათანადო სწავლება, რათა შეეძლოთ აღნიშნული დახმარების გაწევა.


გამოყენებული ლიტერატურა:
1. წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების ევროპის კომიტეტის ანგარიში მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის მიმართ მოლდოვაში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, 2001 წლის 10-22 ივნისი [CPT/Inf (2002)11, პარაგრაფები 69 და 95].
2. ვან ბილჟონი გამასწორებელი სამსახურის წინააღმდეგ, 1997. SACR 50 (C).
3. ევროპის საბჭო, მე-3 ზოგადი ანგარიში წამების თავიდან აცილების კომიტეტის მიერ 1992 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, [CPT/Inf (93)12, პარაგრაფი 36].
4. წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების ევროპის კომიტეტის ანგარიში მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის მიმართ მოლდოვაში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, 2001 წლის 10-22 ივნისი [CPT/Inf (2002)11, პარაგრაფი 85].
5. იხ. ციხეებში ჯანმრთელობის სიახლეები, ნომერი 1, 2002 წლის გაზაფხული, პენიტენციალურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრი, კინგს კოლეჯი, ლონდონი.

Comments

Popular posts from this blog

ფიტოთერაპიის ისტორიოგრაფია

XXI საუკუნეში ფიტოთერაპიული მეთოდით მკურნალობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მსოფლიო მედიცინის კვლევებში. ამაზე მეტყველებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ( WHO ) მიერ ჩატარებული კონგრესები და ფორუმები. ამ კუთხით, მეცნიერებაში ახალი მიმართულება გაჩნდა ბიოლოგიური მედიცინა. ამ მეთოდით შეიქმნა უამრავი პრეპარატი ქრონიკული, ვირუსული და სისტემური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც აქამდე არსებულ არცერთ კლასიკურ მეთოდს არ ექვემდებარება. საქართველოში ფიტოთერაპიით მკურნალობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ძველი ქართული მედიცინის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის ანალიზი . საინტერესოა არქეოლოგ გ . ნიორაძის მიერ გამოთქმული მოსაზრება , რომ საკაჟიას გამოქვაბულში მცხოვრებმა ქვის ხანის ადამიანმა იცოდა ერთგვარი მალამო - ცხოველის თავის ტვინი ქონთან ერთად .  აღნიშნული სახის მალამოს გამოყენების ფაქტი საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დღესაც შესაძლებელია . მაგ .: სვანე...

რეპროდუქციული ფუნქციის გენეტიკურად განპირობებული დარღვევები მოზარდ ასაკში

რეპროდუქციული ფუნქციის გენეტიკურად განპირობებული დარღვევები მოზარდ ასაკში მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის მრავალი დარღვევა , რომლებიც გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული , მხოლოდ სქესობრივი მომწიფების შემდეგ მჟღავნდება , ამიტომ მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა თანამედროვე მედიცინის ერთ - ერთ აქტუალურ საკითხად მიიჩნევა . რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბებისა და განვითარების გენეტიკური მექანიზმი დღეისთვის კარგად არის შესწავლილი , თუმცა ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ გარკვევას მოითხოვს . ცნობილია , რომ ადამიანის სასქესო ქრომოსომები წარმოადგენენ იმ გენთა მატარებლებს , რომლებიც ამ პროცესთა A წარმართვაზე არიან პასუხისმგებელნი . სწორედ ისინი აკონტროლებენ სქესის ჩამოყალიბების პროცესს ემბრიოგენეზის ადრეული სტადიებიდან : ემბრიონი მდედრობითი სქესისა განვითარდება , თუ იგი 46, XX ქრომოსომული კომპლექტის მატარებელია , და მამრობითისა - თუ 46, XY ქრომოსომულ კომპლექტს ატარებს . სქესის ჩამოყალიბებისათვის მზადება უკვ...

სიფილისი (ათაშანგი) ქართულ მედიცინაში (ბიბლიოგრაფია)

ა) გაზეთები: 1.     ბადრიძე , გიორგი : წითელას ახლად აღმოჩენილი ბაცილა  ;  სიფილისის ( ათაშანგი ) მიკრობი  / ბადრიძე //  ივერია . - ტფილისი , 1905. - 21 სექტემბერი . - N169. - გვ . 3-4 . 2.     შირინბეი : ათაშანგით ავადმყოფობა დანაშაულობა არაა  / შირინბეი //  კომუნისტი . - 1925. - 13 სექტემბერი . - N210. - გვ .4 . 3.     ვორობიოვი , ე . : ათაშანგიანთა ფლირტი  : [ დასავლეთის ფრონტი ] : " კომსომოლსკაია პრავდა " / ე . ვორობიოვი //  კომუნისტი . - 1942. - 11 იანვარი . - N9 .   4.     მაიაკოვსკი , ვ . : ათაშანგი  : [ ლექსი ] / ვ . მაიაკოვსკი ; თარგმ . ა . სულაკაურისა //  ლიტერატურული გაზეთი . - თბილისი , 1953. - 17 სექტემბერი   5.     ხაზალია , ვ . : ათაშანგი და მისი პროფილაქტიკა  : ექიმის საუბარი / ვ . ხაზალია //  ლენინელი . - გალი , 1971. - 25 თებერვალი .   6.     მჭედლიშვილი , დ . : ...